საქართველოში კავკასიოლოგიური სკოლის ფუძემდებელი,
აკადემიკოსი არნოლდ ჩიქობავა
მეოცე საუკუნის უდიდესი ენათმეცნიერის, ქართული და ქართველური ენების მკვლევრის, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების ფუძემდებლის, აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას სახელს უკავშირდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული და კავკასიური ენათმეცნიერების ძლიერი სამეცნიერო სკოლის დაფუძნება. იგი არის ქართული ენათმეცნიერული აზრის ისტორიკოსი, ზოგადი ენათმეცნიერების თეორეტიკოსი, აღწერითი და შედარებითი ქართველური ენათმეცნიერების გამორჩეული წარმომადგენელი. იგი არის მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კავკასიოლოგთა აღმზრდელი, მოძღვარი და დიდი საზოგადო მოღვაწე. არნოლდ ჩიქობავა უნიკალური მოვლენაა ენათმეცნიერებაში. ძნელია მოიძებნოს სხვა მეცნიერი, რომელიც ერთდროულად იკვლევდა როგორც ზოგადად ენასა და მის ფუნქციებს, ისე კონკრეტულად ქართულ, ქართველურ და იბერიულ-კავკასიურ ენებს, მათ ფონეტიკურ-გრამატიკულ სტრუქტურას, ისტორიულ და გენეტიკურ ურთიერთობებს, ზოგადი ენათმეცნიერების პრობლემებს, ლექსიკოლოგიასა და ლექსიკოგრაფიას, სალიტერატურო ქართული ენის ნორმალიზაციის საკითხებსა და ტერმინოლოგიას.
არნოლდ ჩიქობავა 1918 წელს ახლადგახსნილ თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის საენათმეცნიერო დარგზე ჩაირიცხა. 1922 წელს, უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, იგი აკაკი შანიძის წარდგენით `პროფესორობისთვის მოსამზადებლად~ დატოვეს. 1929 წელს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთაგან მან პირველმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1933 წელს არნოლდ ჩიქობავა პროფესორად დაამტკიცეს. ვრცლად>>>.
|