1933 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა მსოფლიოში პირველი კავკასიურ ენათა კათედრა. კათედრის ჩამოყალიბების ინიციატორმა, არნოლდ ჩიქობავამ საორგანიზაციო კომიტეტს მიმართა მოხსენებითი ბარათით, რომელშიც ასაბუთებდა კავკასიურ ენათა კათედრის დაარსების საჭიროებას. ეს მოხსენებითი ბარათი ფაქტობრივად იმეორებდა დებულებებს, რომლებიც 1924 წელს დაიბეჭდა „ქართული საენათმეცნიერო საზოგადოების წელიწდეულის“ პირველი ტომის წინასიტყვაობაში. აქ განიხილება კავკასიურ ენათა მეცნიერული შესწავლის მნიშვნელობა, განსაზღვრულია კონკრეტული ამოცანები, მინიშნებულია ამ ენათა შესასწავლად მიზანშეწონილი მეთოდები. წამოყენებულ დებულებებს საპროგრამო ხასიათი აქვს.
კავკასიურ ენათა კათედრა დაარსებისას სამი წევრისაგან შედგებოდა: ვარლამ თოფურია ასწავლიდა ლაკურ ენას, სიმონ ჯანაშია - აფხაზურს, არნოლდ ჩიქობავა - ხუნძურს. იმავე სასწავლო 1933-1934 წელს კათედრის ბაზაზე ჩამოყალიბდა კავკასიურ ენათა განყოფილება. შესაბამისად დამუშავდა სათანადო სასწავლო გეგმა, რომელიც საგნების ოთხ წრეს გულისხმობდა: ზოგადენათმეცნიერულს, ისტორიულს, ფილოსოფიურსა და იბერიულ-კავკასიურ ენებს: ძველი და ახალი ქართული, სვანური, ზანური, აფხაზური, ხუნძური, ლაკური, უდიური, ბაცბური ენები „კავკასიურ ენათა განყოფილება“ მიზნად ისახავდა ენათმეცნიერთა მომზადებას კავკასიურ ენათა მასალაზე.
1946 წლიდან ჩამოყალიბდა კავკასიურ ენათა განყოფილების მთიულური სექტორი, სადაც პირველ წლებში, ადიღელი და ყაბარდოელი სტუდენტები სწავლობდნენ, შემდეგ კი აფხაზები, ხუნძები, ლაკები, ჩეჩნები და სხვა.
1933 წლის სექტემბრიდან კავკასიურ და აღმოსავლურ ენათა კათედრები გააერთიანეს. კათედრის გამგე იყო არნოლდ ჩიქობავა, კათედრის მდივანი გიორგი წერეთელი. შესაბამისად კათედრის პრეროგატივა გახლდათ, არაბული და სპარსული ენები.
1939 წლიდან კავკასიურ ენათა კათედრა და განყოფილება მხოლოდ მთის იბერიულ-კავკასიურ ენებსა და შესაბამის ზოგად დისციპლინებს აერთიანებდა. 2007 წლიდან კავკასიურ ენათა და კავკასიის ხალხთა ისტორიის კათედრების შეერთების საფუძველზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა კავკასიოლოგიის ინსტიტუტი.
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტეის კავკასიოლოგიის ინსტიტუტში მიმდინარეობს იბერიულ-კავკასიური ენების, კავკასიის სხვა ენებისა და კავკასიის ხალხთა ისტორიისა და კულტურის კომპლექსური სწავლება და კვლევა მომიჯნავე სამეცნიერო დისციპლინების (არქეოლოგია, ეთნოლოგია, ლიტერატურა და ფოლკლორი...) მონაცემთა გათვალისწინებით.
თსუ–ს კავკასიოლოგიის ინსტიტუტში შეისწავლება: იბერიულ–კავკასიური (ქართველური და მთის კავკასიური) ენები, კავკასიის სხვადასხვა ხალხის ისტორია. არქეოლოგია, ეთნოლოგია, კავკასიის ხალხთა ტრადიციული და თანამედროვე კულტურა, ანთროპოლოგია, გეოპოლიტიკა და რეგიონალიზაცია. ისტორიკოს– კავკასიოლოგის ჩამოყალიბებაში მნიშვენლოვანი სიახლეა ერთ-ერთი კავკასიური ენის (არჩევით) საფუძვლიანი შესწავლა.
თსუ–ს კავკასიოლოგიის ინსტიტუტი ამ მიმართულებით მომუშავე ინსტიტუტებსა და კათედრებს შორის ერთადერთია მსოფლიოში, სადაც ასე კომპლექსურად და ფართოდ მიმდინარეობს კავკასიოლოგიური საკითხების დამუშავება და სწავლება. ქართველური ენებისა და საქართველოს ისტორიის სრულფასოვანი კვლევა შეუძლებელია კავკასიის ხალხთა ისტორიის მონაცემთა გათვალისწინების გარეშე, ამიტომაც იყო, რომ ივანე ჯავახიშვილმა ერთგვარი „ანდერძიც“ კი დაუტოვა თანამემამულეებს: ,,ყოველი განათლებული ქართველი ვალდებულია ისევე შეიწავლოს და იცოდეს ამ ხალხთა ენა და ისტორია, როგორც საკუთარი ერისა და ქვეყნისა“.
|